დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. მომხდარს თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ და ამბობენ: "ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერც კი წარმოგვედგინა დანით თუ დაჭრიდაო".
არასრულწლოვანმა როგორც კი მამაკაცი დაჭრა, კონფლიქტში სოფლის ბირჟაზე მყოფი ბიჭები მაშინვე ჩაერივნენ და გაშველეს ისინი. დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მაგრამ როგორც ირკვევა, დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
"ეს ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილ მამაკაცს არ აქვს მძიმე დაზიანება, ის უკვე გაწერეს სახლში. ძალიან პატიოსანი და მშრომელი ადამიანია, 44 წლის არის. კარგი ოჯახი აქვს. მას არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. ეს არასრულწლოვანი ბიჭი სკოლის მოსწავლეა, რა იყო ჩხუბის მიზეზი, ზუსტად ჯერ არ ვიცით, მაგრამ როგორც ირკვევა, დაჭრილი მამაკაცის გოგოს გამო მოხდა კონფლიქტი. ისინი მეზობლები არ არიან, სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. ერთი ქვედა უბნის მაცხოვრებელია, მეორე ზედა უბანში ცხოვრობს.
როგორც ამბობენ, არასრულწლოვან ბიჭს მესიჯი მიუწერია დაჭრილის შვილისთვის, ამბობენ, უყვარს ეს გოგოო. ერთ სკოლაში სწავლობენ, ბიჭი გოგოზე ერთი წლით უფროსია, სხვადასხვა კლასში არიან. ეტყობა გოგომ ეს ამბავი მამას უთხრა და იმ დღეს მამა მისულა ბიჭის დედასთან, რატომ წერსო და გაუფრთხილებია, რომ მის ბიჭს მესიჯი არ მიეწერა მისი ქალიშვილისთვის. როგორც ჩანს, დედამ უთხრა ეს ამბავი შვილს და იმავე დღეს მივიდა არასრულწლოვანი გოგოს უბანში, გოგოს მამასთან სალაპარაკოდ. მამა ბირჟაზე მდგარა მეზობლებთან ერთად და ბიჭმა გაიხმო, არ მოელოდა არავინ რომ დაჭრიდა. სხვები ამბობენ, გვეგონა რამე სალაპარაკო ჰქონდათ და იმიტომ გაიყვანაო. ამ დროს მოხდა კონფლიქტი და უცებ დანით დაჭრა არასრულწლოვანმა გოგოს მამა. მეზობლები შესწრნენ, უბანში ვინც იყვნენ, ეგრევე მივარდნენ და მოაშორეს დაჭრილს ბიჭი.
დაჭრილი სასწრაფოდ მიიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციაც მოვიდა და დაიწყო გამოძიება, ბიჭი კი იყო დაკავებული და პოლიციაში, მაგრამ გამოუშვეს ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ოროზმანში მერის წარმომადგენელი ქამრან ხიდიროვი. მისი თქმით, ბიჭი დედასთან იზრდება, მას მამა წლების წინ გარდაეცვალა და მარტოხელა დედა ზრდის.
"რაც შეეხება დაჭრილს, ძალიან მშვიდი, ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანია. არასდროს არავისთან ჰქონია კონფლიქტი. 5 სოფელია ჩემს თემში და ამ კაცზე ცუდს არავინ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი. დაჭრილი საავადმყოფოში მოვინახულე, მითხრა, დანა უცებ დამარტყაო. მთავარია დაზიანება მძიმე არ არის, ღრმა ჭრილობა არ იყო, კისრის არეში ჰქონდა პატარა დაზიანება და გამოწერეს უკვე სახლში. არ ვიცი ის ითხოვს თუ არა დასჯას არასრულწლოვნის. ჯერ ამ საკითხზე მასთან მე პირადად არ მისაუბრია.
სოფელში ითქვა არ ჩივისო, მერე სხვებმა თქვეს, უთქვამს უნდა დაისაჯოსო. არ ვიცი რა იქნება, გამოძიება რას გადაწყვეტს. ახლა ორივე თავის სახლშია. როგორც ამბობენ, გოგოს არ უყვარს ეს ბიჭი. დედამ უთხრა ეტყობა თავის შვილს, რაც უთხრა გოგოს მამამ, ის გაბრაზდა და მიუვარდა უბანში", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მერის წარმომადგენელმა.
"კვირის პალიტრა"