„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების მუშაობა იმიტაცია იყო და ასეთ პროცესში საკუთარ თავს ვერ ხედავს.
თუმცა, მანჯგალაძის თქმით, საერთო ოპოზიციური შეთანხმება თუ იქნება, ამ ნაბიჯს გადადგამს.
„ჩემი სახელით გეუბნებით, 18-მა თვემ გვანახა, რომ „ოცნებამ“ იმიტაციას მოახმარა ცხრა სამუშაო ჯგუფი. ერთი საჩვენებელი ინიციატივაც კი არ არსებობს, რომ, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით, რაიმე სახის კომპრომისი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ინიცირებული გვაქვს ექვსი კანონპროექტი რეკომენდაციების შესრულებაზე. თუ გადმოდგამენ ნაბიჯს, განხილვას დაიწყებენ, შემდეგ სიამოვნებით ვიფიქრებ, რომ ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში. მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.