რეზონანსი
28.11.2023

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მიიჩნევს, რომ წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები დისკრიმინაციულია და პირადი ცხოვრების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. ორგანიზაცია ამბობს, რომ უახლესი ცვლილების პაკეტი წარმოდგენილ საკანონმდებლო ხარვეზს უფრო მეტად აღრმავებს და პირს ართმევს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე უფლების რეალური რეალიზების შესაძლებლობას.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გადახედოს თავდაცვის კოდექსსა და უკვე 15 ნოემბერს წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების აუცილებლობას და აღმოფხვრას კანონისა და წარდგენილი კანონპროექტის ჩანაწერების დისკრიმინაციული მიდგომები, რომლებიც უხეშად არღვევს ადამიანების და რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს ფაქტს, რომ ახალი თავდაცვის კოდექსით სახელმწიფომ მოიპოვა ადამიანის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება - "კერძოდ, ახლადამოქმედებული თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის შინაარსიც, რომლის მიხედვითაც: „სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ".

"ცალსახაა, რომ ახალი თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოსათვის შესაძლებელი ხდება არამიზნობრივად შეაგროვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი პირის რწმენის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრაქტიკასა და სტანდარტებს, ვინაიდან, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დამუშავების საჭიროების დასასაბუთებლად დასახელებული მიზანი „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ ვერ გამოგვადგება. ამდენად, სახელმწიფოზე მომეტებული და შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების გადაცემითა და პიროვნების აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, უხეშად იზღუდება, როგორც პირადი ცხოვრების, ისე რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. ცხადია, რომ ეს რეგულაცია გააჩენს მაღალ რისკებს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის, რომელიც ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა არადომინანტურ რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში", - წერს ორგანიზაცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×