ამერიკულ FARA-ს, აგენტების ამერიკულ კანონს, რატომ დაარქვეს რუსული, დღეს ირკვევა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„დღევანდელი მოცემულობა, რაც ხდება, თურმე ამხელს იმას, თუ რატომ იყო ასეთი გააფთრებული ბრძოლა ამერიკული კანონის წინააღმდეგ და რატომ იყო უდიდესი მცდელობა არა მარტო ქვეყნის შიგნიდან, რომ ამას დარქმეოდა რუსული კანონი, იმიტომ რომ უცხოური დაფინანსებით ჩატარებული, აი, ისეთი ტრენინგები, რომელიც წინა დღეებში ჩატარდა, არ ყოფილიყო მხილებული თუ ვისი დაფინანსებით ტარდებოდა.
ჩვენ ვნახეთ ეს კონკრეტული მაგალითები ამ დღეებში და ამისთვის იბრძოდნენ სწორედ, რომ დაფინანსების წყარო არ გამჟღავნებულიყო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში დაფინანსების წყაროები მჟღავნდება და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა USAID მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ და ამის ნაცვლად ცინიკური განცხადება. მაგალითად იმის შესახებ, რომ თურმე კანვასთან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომელთაც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები. საქართველოს მოქალაქეებს, დღეს რაც ვნახეთ იმ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი და არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი, არ ყოფილა რევოლუციის პრაქტიკულ გაზიარებაზე, რევოლუციის გამოცდილების გაზიარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, რომ უნდა აიღონ პარლამენტი. ამაზე კი არ ყოფილა საუბარი, არამედ, საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან, რომ იყო ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, ამის გაუმჯობესებაზე, მოთხოვნებზე და ხანდაზმული მოქალაქეების უფლებების ადვოკატირებაზე და არა იმაზე, რაც მოვისმინეთ.
ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, უნდა გავუსწოროთ თვალი და ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები არ არიან მართლები და განსაკუთრებით მათგან ვითხოვთ, რომ კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ISFED-თან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც, მდინარაძის თქმით, 2020 წელს პარალელური თვლის მონაცემები გააყალბა.
„ასევე გვაქვს ძალიან ცუდი და მწარე გამოცდილება. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო - 2020 წელს ISFED-ის ხელმძღვანელმა, იმან, ვინც გააყალბა პარალელური თვლის მონაცემები, პირდაპირ ეთერში, ნიკა გვარამიასთან აღიარა, რომ ამის შესახებ ძალიან მალე საქმის კურსში იყო USAID. თავად USAID-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაცილებით გვიან გაიგეს ამის შესახებ. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ ამ გაყალბების, მათი თქმით „შეცდომის" შესახებ, და ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ.
მაშინ, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-სთან, პარლამენტთან და თბილისის ქუჩებში საკმაოდ მწვავე პროტესტი მიმდინარეობდა, ამ პროტესტის ფონზე USAID-ის წარმომადგენლები თურმე უმალავდნენ, ISFED- ის ხელმძღვანელის განმარტებით იმას, რომ ISFED-ის პარალელური დათლის მონაცემები იყო არასწორი. ამასთან დაკავშირებითაც კი დღემდე განმარტებები არ გაკეთებულა. რაც არის სამწუხარო და დღევანდელ განცხადებასთან ერთად შემაშფოთებელი. ვინც აპროტესტებს „კანონპროექტს მანიფესტაციების შესახებ", შეგვიძლია პირდაპირ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, რომ ის არის თანამზრახველი იმ გეგმისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა და რომლის დიდი ნაწილიც უკვე დადასტურდა დღევანდელი გამოქვეყნებული მასალებით",- განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის" წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას - საქართველომ" და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის" წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.