არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა, ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ გარკვეულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
„ასეთ დამაჯერებლობით მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, ვინ რა მოტივავიით აკეთებს რაღაცას, უმჯობესია ოპოზიციამ გასცეს კითხვას პასუხი, მაგალითად, რამდენად ლეგიტიმურად ან რამდენად მართლზომიერად მიაჩნიათ, როდესაც ცალკეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და საუბრობენ კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ, მიუხედავად იმისა, მიზეზი იარსებებს თუ არა, რევოლუციური სცენარი უნდა გათამაშდეს საქართველოში და თბილისის ქუჩებში უნდა დაიდგას მაიდნის სცენარი. ეს ვინმეს რამდენად ლეგიტიმურად ეჩვენება? ამაზე გასცენ პასუხი და შემდეგ გააკეთონ შორსმიმავალი დასკვნები, ვინ რა მოტივაციით შეიძლება, ავრცელებდეს ასეთ ინფორმაციას. არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა. ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან პირდაპირაა ნათქვამი, ვის რა განზრახვა ამოძრავებდა. საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ ამას ღიად ვერ ამბობდნენ და შეფუთეს ეს ყველაფერი ვითომ ეს აქტივობა კულტურის სფეროში რაღაც პროტესტის გამოხატვის მექანიზმების სწავლებას ისახავდა მიზნად. მართლაც ძალიან უხერხული ამბავია და ვისურვებდი, რომ ამაზე საუბრის საჭიროება არ არსებულიყო. ნამდვილად არ შეშვენის რეალურად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ასეთი დამოკიდებულება. ნამდვილად არ არის სასიხარულო ეს არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასეთი დამოკიდებულების ღრმად მწამს. არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატები ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს და ა.შ.", - განაცხადა სარჯველაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის" წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ" და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის" წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.