რეზონანსი
08.06.2023

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე. ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - შარშან ივნისში გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, რომ ამის ახსნაც კი შეუძლებელი ხდება

„შეხვედრა გვქონდა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც საუბარი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სრული გაგებაა იმ მდგომარეობის, რომელიც საქართველოშია. კერძოდ, იმ გაწეულ სამუშაოზე, რომელიც რეკომენდაციებს ეხება. ასევე სრული გაგებაა იმ იმედგაცრუების, რომელიც საზოგადოებაში შარშან კანდიდატის სტატუსის არმიცემამ გამოიწვია. ასევე არის იმის გაგება, რომ ახლა დროა ევროკავშირმა და განსაკუთრებით მისმა ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედონ, რათა ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა არის საჭირო, იყოს მიღებული წლის ბოლოს.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, ახლა მთავარია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მიიღება. საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე. იმ საკითხს სხვადასხვა დედაქალაქში ბევრგან ვაწყდებით, როდესაც აბსოლუტური გაგება არის ჩვენი იმედგაცრუების კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო. ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - შარშან ივნისში გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, რომ ამის ახსნაც კი შეუძლებელი ხდება.

აქედან გამომდინარე, ეს აჩვენებს იმ გამოწვევასაც, რომელიც წინ გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა, მომავალ გადაწყვეტილებაში იქნება პოლიტიკური ნაწილი და იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან პოლიტიკას არგუმენტები არ სჭირდება ხოლმე, აქაც არის საფრთხე, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყოს მიღებული ისე, რომ ამის რაიმე საფუძველი და ობიექტური გამართლება არ არსებობდეს, შემდეგ კი, შემდეგი ტალღა მივიღოთ, რომ კვლავ იყოს საუბარი - რატომ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის საფრთხე და ამას ვუხსნით ყველას, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი ზედაპირული, როგორც შარშან ივნისში იყო, როცა ასოცირებულ ტრიოში საუკეთესო ქვეყანა დაჩაგრეს და ორი ქვეყანა, რომელიც საქართველოს უკან არის მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ლიდერს - არა", - აცხადებს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×