რეზონანსი
08.06.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვალდებულებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინოს.

მისივე თქმით, შესაძლოა, არსებობდეს რაიმე ინტერესი, როცა ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან არ ხდება კანდიდატურის დასახელება.

„ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, რადგან როგორც ცესკო, ასევე ეროვნული ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი, რომლის ყოველდღიური მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. რა თქმა უნდა, ცესკო მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდში არ ვართ. როცა ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი არ ასახელებს კანდიდატურას, რომელზეც ამბობს, რომ ის პროფესიონალია, არ ვიცი, აქ შეიძლება, სხვა მიზეზები ვეძებოთ. შეიძლება, პირადი ინტერესი აქვს ან სხვა დაინტერესება. შეიძლება, ეს ადამიანები პიროვნულად არ მოსწონს. უნდა ვკითხოთ, რატომ აკეთებს ამას. მას ვალდებულება აქვს, რომ კანდიდატები დროულად წარმოადგინოს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას და ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დაუშვებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „იკვეთება აშკარა ნიშნები, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას და ასეთ პირობებში საქართველოს პარლამენტს მოუწევს „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევა. „ქართულ ოცნებაში" გამარტეს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან". გარდა ამისა, გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ „ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განიხილავდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით გამყარდა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×