რეზონანსი
08.06.2023

მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3382 თანამშორმელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს. 

საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, კერძოდ: 

1. ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება.

2. ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

უკვე წლებია, 2662 თანამშრომელი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 თანამშრომლისა. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია. 

საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×