რეზონანსი
08.06.2023

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ყავს.

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ყავს მტრები", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მოწინავეა.

„ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი. ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით - ნახავთ, თუ როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც, ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული - უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მინდა, დავარწმუნო ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუციები. არ გამოუვათ. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×