ოპოზიციას არ აქვს არანაირი ღირსება, არანაირი ხედვა მომავლისა. მიუხედავად ამ დამამცირებელი დამოკიდებულებისა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლაში იყო, დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ეცდებიან მიუცუცქდნენ „ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ერთადერთი რისი გასაღები მათ აქვთ, ეს არის, რომ დაკეტონ თავიანთი კაბინეტები პარლამენტში და გავიდნენ აქედან, რადგან აქაც არაფერს აკეთებენ და საარჩევნო პროცესშიც ვერაფერს იზამენ. ქუჩით რომ იმუქრებიან ყოველდღე, ვხედავთ, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს, ასე რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს", - აღნიშნა სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.