რეზონანსი
03.06.2023

ბოლო 3 წელიწადში საქართველოში კატალიზატორების ექსპორტი (ღირებულებით ნაწილში) 13 557%-ით ანუ 136-ჯერ აღემატება იმპორტს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ მონაცემებშია აღნიშნული.

როგორც შემოსავლების სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 477 617 დოლარის ღირებულების 21 192 კატალიზატორი შემოვიდა, მაშინ როცა, ამავე საანგარიშო პერიოდში კატალიზატორების ექსპორტმა 286 373 ცალი შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში - 65 228 454 აშშ დოლარია.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე" განაცხადა, კატალიზატორების ავტომობილიდან მოხსნის და ქვეყნიდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მთავარი კი ისაა, რომ აქამდე ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული ქვეყანაში.

„ჩვენთან რეგისტრირებული 1.5 მლნ ავტომობილიდან 90%-ზე მეტი 20 წელზე მეტის არის, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული და ყურადღება არ ექცეოდა კატალიზატორებს, შედეგად მივიღეთ ის სურათი, რომ კატალიზატორებს ხსნიდნენ და ყიდდნენ სხვა ქვეყანაში. იმ ავტომობილებში, რომელსაც ამოჭრილი აქვს კატალიზატორი, მისი უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. მართალია უკვე გაჩნდა ისეთი მომსახურებები, რომელიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ სთავაზობს მომხმარებელს ამოჭრილი კატალიზატორის ისევ მონტაჟს ავტომობილში, თუმცა გარანტიას ვერ გაძლევენ, რომ ასეთი ჩარევის შემდეგ ეს ავტომობილი გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას გამონაბოლქვზე. გამოდის, რომ ფაქტობრივად კატალიზატორი მაინც არ აქვს ავტომობილს,"- აღნიშნა ნონიაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×