რეზონანსი
02.06.2023

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად".

მეგრელიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა, ომის დასრულებისას ქართველი მებრძოლების გვამები მიატოვა და რუსთაველზე საზეიმო მიღება მოაწყო. მისივე თქმით, ყოველივე ეს მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა და ის არ უნდა საუბრობდეს დღეს ამ თემაზე.

„აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.

ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციასა და უკანონო გატაცებებს. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.

საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას.

მწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს, მანამდე კი, მოსაშორებელია ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

ეს ძალა არის პოლიტიკური ტვირთი დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის. ეს ძალა არის მოღალატეთა ერთობა, რომლებიც სისხლიანი ხელებით ეფარებიან პატრიოტიზმს და საკუთარ ქვეყანას ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში სწირავენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა, ვადაგასული იარაღი დაურიგა ომში მიმავალ პატრიოტ ბიჭებს, ომის დასრულებისას ქართველი მებრძოლების გვამები მიატოვა და რუსთაველზე საზეიმო მიღება მოაწყო (პატრიარქმა გადმოასვენა ჩვენი ბიჭების ცხედრები მაშინ); კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა - მიხეილ სააკაშვილის უნამუსო სინდისზეა ეს!

მიხეილ სააკაშვილო, ვერ უნდა საუბრობდე დღეს შენ ამ თემაზე, ასე!!! მოღალატე, დამნაშავე ხარ და კიდევ აქეთ ვერ უნდა გვიკითხავდე მორალს ქართულ სახელმწიფოზე! მეიმედება ის, რომ უახლესი ისტორია იცნობს და იმახსოვრებს ამ ყველაფერს... მეიმედება, რომ დაიწერება შენზე ისტორიის სამარცხვინო გვერდზე", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×