მექსიკის პოლიციამ დასავლეთ ქალაქ გვადალაჯარას გარეუბანში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვა.
შესაბამისი უწყებები ქოლ-ცენტრის შვიდ ახალგაზრდა თანამშრომელს ეძებდნენ, რომლებიც გასულ კვირას დაკარგულებად გამოცხადდნენ.
„ამოღებულია ორმოცდახუთი ტომარა ადამიანის ნაშთებით, რომლებიც ეკუთვნის როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს", - ნათქვამია სახელმწიფო პროკურატურის განცხადებაში.
დაკარგული ორი ქალისა და 5 კაცის შესახებ განცხადებები სხვადასხვა დროს გაკეთდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი და იმავე ქოლ-ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქოლ-ცენტრი იმავე ადგილას იყო, სადაც ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს, თუმცა სასამართლო ექსპერტებს ჯერ არ დაუდგენიათ მსხვერპლის რაოდენობა და მათი ვინაობა.
პირველადი გამოკვლევებით ვარაუდობდნენ, რომ ქოლ-ცენტრი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო არალეგალურ საქმიანობაში.