რეზონანსი
01.06.2023

ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს - წმინდა მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, ქალწული ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას.

ნამდვილად, ეს არის ეროვნული დღესასწაული და უდიდესი სასწაული, რომელიც მოგვამადლა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ვინაიდან წმინდა ნინოს ღვაწლმა, მისმა ქადაგებამ განაპირობა ჩვენი ერის მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ჩვენს ისტორიაში მრავლად იყვნენ ასეთი მოღვაწეები, რომლებიც სათნოებებით ასე ბრწყინავდნენ და მთელი არსებით ემსახურებოდნენ ქრისტეს და მის მიერ დაარსებულ წმინდა ეკლესიას, მაგრამ მათ შორისაც კი წმინდა მოციქულთა სწორი ნინო არის განსაკუთრებით გამორჩეული. განსაკუთრებით ბრწყინავს, ვინაიდან იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოირჩია განსაკუთრებული, სამოციქულო ღვაწლისთვის, რომ მისი წილხვდომილი ქვეყანა, საქართველო მოაქციოს ქადაგებით და სულის გადარჩენის გზაზე დააყენოს. ამისთვის დღეს ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - ამ დიდი სასწაულისა და მადლისთვის. ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში. ვეღირსოთ ღმერთისგან მარადიულ სიკეთეებს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×