რეზონანსი
31.05.2023

„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე დართული ხმის ჩანაწერები გამოიკვლია. მისი თქმით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებული ბანკზე თავდამსხმელის ხმა ემთხვევა ბრალდებულის ხმის ნიმუშს.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოიკვლია ბრალდების მხარემ. ჩვენ გამოვიკვლიეთ ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე დართული ხმის ჩანაწერები. მნიშვნელოვანია ის, რომ შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი მძევლის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, სადაც დაფიქსირდა თავდამსხმელის ხმა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად ემთხვევა ბრალდებულის ხმის ნიმუშს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი პირი ხმის მიხედვით არის იდენტიფიცირებული და ის გახლავთ ბრალდებული ბადრი ესებუა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა ავთანდილ გალდავამ, რომელიც იმ დროისთვის გახლდათ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი და შემდგომ როგორც მოგეხსენებათ ის თავად გახდა თავდამსხმელის მძევალი. მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება თავდამსხმელის მიერ წაყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა თანხას 500 ათასი ამერიკული დოლარის გადაცემას და ასევე, უსაფრთხო გასვლას. სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს მოხდა ჩაწერა გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის. ამ საუბარში მოსაუბრე თავდამსხმელის ხმა ფონოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად იდენტიფიცირებულია და ის ეკუთვნის ბრალდებულ ბადრი ესებუას,"- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბანკზე თავდამსხმელის ხმა და შესადარებელი ნიმუშები, რომელიც ფონოსკოპიურ ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი, რადიკალურად სხვადასხვაა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნები გაყალბებულია.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის" ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×