რეზონანსი
31.05.2023

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია - ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფირუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

იქამდე, ამის შესახებ ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×