
გაგიკვირდებათ და მე დღეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რამდენიმე მან დღის წინ ნახა საზოგადოების უმწვავესი რეაქცია იმ გამოსვლაზე, რომელიც მას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ჰქონდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საზოგადოების რეაქცია იყო იმგვარად მწვავე, რომ ეს მაძლევს საფუძველს, რომ საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები უმაღლესი ევროპული ტრიბუნიდან დღეს აღარ გაკეთდება. ამიტომ ჩემი პოზიტიური მოლოდინი მხოლოდ ჩემს ოპტიმიზმს არ დააბრალოთ. მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გაცილებით ობიექტური იქნება და ის, როგორც მინიმუმ, არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით. „ნაცმოძრაობის" მომხრეებიც კი ამბობდნენ, რომ 26 მაისს არ იყო ასეთი განცხადებების დრო, სულ რომ ობიექტური ყოფილიყო", - აცხადებს მდინარაძე.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.