რეზონანსი
27.05.2023

ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„იქ კონკრეტული საკითხები რაც დასახელდა, არ იყო საფუძვლიანი პრეტენზია და შესაბამისად, არ მგონია რომ ვინმეს მიზეზი აქვს, იგივე მთავრობის პროტოკოლი გააკრიტიკოს რომელიმე პროცედურის დაუცველობაზე", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თავიდანვე მმართველი გუნდის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ყოფილიყო, თუმცა, დღეს სალომე ზურაბიშვილი ამ ამოცანას ვერ ასრულებს.

„ფაქტია, რომ აქტიურად და არა მხოლოდ კულუარული ან საქმიანი დისკუსიების ფორმატებში, არამედ სადემონსტრაციოდ იკავებს პრეზიდენტი ერთ მხარეს - ოპოზიციის მხარეს და მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ იმით იყოს გამოწვეული, რომ ემპათია აქვს დასუსტებული ოპოზიციისადმი. მე მგონია, რომ იქ უშვებს შეცდომას, როდესაც ცდილობს, რომ სიმპათიები დაიმსახუროს ოპოზიციის მხრიდან. აქ არასწორი გათვლები აქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ახალი კონფიგურაციის შექმნის მცდელობასთან გვქონდეს საქმე, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ძალები, რომელთათვისაც მისაღები აღმოჩნდეს პრეზიდენტის კანდიდატურა გარკვეული პოლიტიკური სამომავლო გეგმებისთვის. ეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს.

ჩვენთვის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული. ამ ამოცანას სამწუხაროდ ვერ ასრულებს, რადგან რაღაც ეტაპზე, ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, ეს უხერხულობა ცხადია არის. აღარ ჩამოვთვლი ოპოზიციურ ლიდერებს, რომელთა განცხადებებიც ერთ-ერთში ემთხვევა ის კრიტიკული განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის საკეთილდღეოდ უნდა ვთქვათ, რომ უმჯობესი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიკერძოებისგან თუ მეტ-ნაკლებად იქნება დაცული. პრეზიდენტის განცხადებები რამენაირად უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, გამაერთიანებელი. მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით შეუძლია შეასრულოს პოზიტიური როლი პრეზიდენტმა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×