რეზონანსი
27.05.2023

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, ფრენების აღდგენა მოხდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით".

„ოპონენტები ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან შემოდის რაღაც ინფორმაცია, განმარტებები და ოპოზიციასთან, მათ ინტერესებთან თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, ვინაიდან საფრთხეები მართლაც რეალურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზეც და აღდგენაზეც და როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს თანხმობას, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ასე რომ, გახსოვდეთ, არსებობს ქვეყნების ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია შავი კატების გამოშვების გარკვეული ინტერესი. ასე რომ, ყველანი ყურადღებით იყავით და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება, პასუხი მოვითხოვოთ. მე შევუთვალო, მერე იმან თქვას. ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×