რეზონანსი
27.05.2023

ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორიც ექცევა ამ გაუგებარი და საფუძველსმოკლებული შეფასებების გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრი.

„ჩვენი დიასპორის მისამართით უსაზღვრო და განუზომელია მისი უწმინდესობის ზრუნვა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს საპატრიაქროს განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ ბევრ საინტერესო ახალ პროექტს განვახორციელებთ, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი საზოგადოებოს ღირსეული წევრები, ჩვენი დიასპორელები სამშობლოსთან, კიდევ უფრო დავუახლოოთ ეს ურთიერთობები და შევამციროთ მანძილი თქვენსა და სამშობლოს შორის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მობრძანებისთვის. ტრადიციად იქცა პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა მსგავს შეკრებებში და ეს განსაკუთრებულ ელფერსა და მოტივაციას გვაძლევს ყველას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა წარმოადგინოს კიდევ უფრო მეტი პროექტი, რათა, როგორც ვთქვი, უფრო შემოკლდეს თქვენი გზა სამშობლოსთან და კიდევ უფრო მეტი ურთიერთობები, მეტი კავშირი ჰქონდეს ჩვენს ღირსეულ დიასპორელებს ჩვენს სამშობლოსთან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.

„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვშრომობთ, რათა ეს რეალობად ვაქციოთ. მადლობა პრემიერ-მინისტრს საინტერესო უახლესი ისტორიული შეფასებისთვის. სამწუხაროდ, გვიწევს ამის კეთება, რადგან ხშირ შემთხვევაში არიან უპასუხისმგებლო ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და იმას, რომ შექმნან გაუგებარი შეგრძნებები. ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორიც ექცევა ამ გაუგებარი და საფუძველსმოკლებული შეფასებების გავლენის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვიწევს ამ რეალობაზე საუბარი და ერთი მხრივ, ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და მეორე მხრივ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრი.

მინდა, ჩვენს დიასპორელებს კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო წარმატებული ორი სამუშაო დღე. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ დისკუსიებით, ჩვენ ყველა ერთად მოვახდენთ ინდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, საკითხების, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს დიასპორას. ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის. რაც მთავარია, გვყავს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს პატრიარქი, რომელიც ძალიან მყარად და ძლიერად უჭერს მხარს, ჩვენ ყველას გვიჭერს მხარს, რათა თქვენთან ერთად ძალიან ბევრი საინტერესო და ღირსეული პროექტები გავაკეთოთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×