
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნება" არ ასრულებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რომელიც გვაქვს. წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. ის, რასაც „ქართული ოცნება" შესრულებულად თვლის, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ეს ეხება უმნიშვნელოვანეს სასამართლოს რეფორმებს, ასევე რეფორმებს ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით",- განაცხადა ჯაფარიძემ.