
თბილისში, ფონიჭალაში, რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და თქვა, რომ დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მათ გამოძიება ნარკოტიკის შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას ედავება. დაკავებულებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი ამ დრომდე, ღონისძიება გრძელდება. მოღებულია სხვადასხვა სახით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დარწმუნებული ვარ დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში. კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პირი, რომელიც დაკავებულთა შორისაა ყაზახეთში იმყოფებოდა, ჰქონდა გარკვეული ბიზნესი და წარსულშიც იყო დაკავებული.