რეზონანსი
25.03.2023

8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კეკელიძემ რადიო „თავისუფლების“ მიერ სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის ვადით. სტიპენდიის ოდენობა თვეში 100 ლარი იყო.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 2021 წელს მან „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი იყო".

"მოკლედ და კონკრეტულად:

გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ.

დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო***ვდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს,  ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.

ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება.

პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.

ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება", - წერს სოფია კენჭიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მარო მაყაშვილის სტიპენდიას მიიღებს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი 

ის თვლის, რომ ძალადობაში მხილებულ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება, გასცეს თავისი სახელით მარო მაყაშვილის სტიპენდია.

სალომე კენჭიაშვილს, გიორგი კეკელიძის მიერ ინიცირებული სტიპენდიის გარდა, რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული ინტერვიუს შემდეგ Creative Education Studio-მ დაუნიშნა ულიმიტო სტიპენდია მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც საშუალებას მისცემს გაიაროს ნებისმიერი სასწავლო კურსი სტუდიაში, როცა ამის სურვილი ექნება. ასევე, საზღვარგარეთ სასწავლო კურსების მიმართულებით მომუშავე კომპანია One World-ი ორკვირიან საზაფხულო ბანაკში აგზავნის ბუდაპეშტში.

რადიო თავისუფლება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×