რეზონანსი
22.03.2023

მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულება ამბობს: ჩვენ მოგვაშორეთ, პრაქტიკულად, ეს არის ფიცის თქმაზე უარი , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის" განცხადებას, რომ იძულებული ხდება მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც კორძაიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება უდრის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს.

მისივე თქმით, „ვივამედის" აღნიშნული განცხადება კლინიკის ბიზნესზე პოზიტიურად არ აისახება.

„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, პირიქით, მუდმივად არის რეჟიმში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღირსება შეულახოს. სრულიად გაურკვეველია „ვივამედის" განცხადება რას ისახავს მიზნად. მაშინ, როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულება ამბობს, რომ ჩვენ მოგვაშორეთ, პრაქტიკულად ეს არის ფიცის თქმაზე უარი.

ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პირდაპირპროპორციულად უდრის ამ ადამიანის სიკვდილს. ეს განცხადება „ვივამედის" ბიზნესზე პოზიტიურად არ აისახება", - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რა დროსაც „ქართული ოცნების" ორმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ და ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლეს.

კორძაიას თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის დეპუტატს წერილით მიმართეს, რომ „ხალხის ძალის" დეპუტატებს „სერიოზულად დაელაპარაკოს".

„მგონია, რომ ადგილის შეცვლა და გადასმა სიმბოლური საკითხია. პარლამენტის თავმჯდომარესთან გაგზავნილი წერილი გულისხმობს იმას, რომ შალვა პაპუაშვილი მათ სერიოზულად უნდა დაელაპარაკოს. უნდა მოსთხოვოს და შეთანხმდეს, რომ ასეთი საქციელი არ არის ნორმალური.

როგორ შეიძლებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციისთვის მოეწოდებინა სიმშვიდისკენ, მაშინ როდესაც დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ზურგიდან ურტყამს, მეორე მოდის ესვრის და თავს ესხმიან ოპოზიციას. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოახერხოს და დაარეგულიროს ეს საკითხი, იმიტომ რომ მისი ფუნქციაა დაარეგულიროს წესრიგის დაცვა.

შევახსენებ „ქართულ ოცნებას", პაპუაშვილსაც და კიდევ ბევრს, ვინც ასე იქცევა, რომ კანონის გაწვევა მათ საქართველოს მოქალაქეებმა მოსთხოვეს. კანონი გაიწვიეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ რუსულ კანონს იღებდნენ. პარლამენტში ჩვენ (ოპოზიციას) რომ მოგვერევიან ძალიან კარგად ვიცით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ამ მოქალაქეებმა გაგვაძლიერეს და ამას ვერ იტანენ, ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები", - განაცხადა კორძაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×