რეზონანსი
22.03.2023

ჩვენ რომ მართლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ვმსჯელობდეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზი ახლა ცარიელი იქნებოდა?! დღევანდელი თემა თავდაცვისუნარიანობა რომ იყოს და თქვენ მართლა უსაფრთხოებაზე საუბრობდეთ, დარბაზი ცარიელი უნდა იყოს?! იცით რატომ არის ასე? - "ფეიკია" ეს უსაფრთხოება და სინამდვილეში ეს არაფერ შუაშია! - აღნიშნული განცხადება "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე დღეა "თავდაცვის კოდექსის" პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც რაქვიაშვილმა განაცხადა, კანონის პროექტი თავისი ბუნებითა და შინაარსით რუსულია, ხოლო პარლამენტში მისი წარმოდგენის მიზანი პოლიტიკურია - ეს არის "ბიბლიურ თავისუფლების" წინააღმდეგ ბრძოლა და სავალდებულო გაწვევის ინსტიტუტის პოლიტიკური მუქარისა და შანტაჟისთვის გამოყენება.

"მნიშვნელოვანი კითხვა უმრავლესობის არც ერთ წევრს არ ჰქონდა - უმრავლესობა უსაფრთხოებაზე ისე ზრუნავს, რომ არ აღელვებს, რადგან იცის, რომ ეს არის "ფეიკ" რეფორმა. რუსულია თქვენი მოქმედებისა და მუშაობის სტილი - ამბობთ, ჩვენ ბევრნი ვართ, ძალა ჩვენს მხარესაა და თქვენ ცოტანი ხართ, მაგრამ მართლები ჩვენ ვართ, ხოლო თქვენ უბრალოდ ძალა გაქვთ!", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, "თავდაცვის კოდექსის" პროექტს პირველი მოსმენით იხილავს.

"თავდაცვის კოდექსის" პროექტით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, ახლებურად რეგულირდება თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხები.

პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სახელი შეეცვლება და „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური" ეწოდება.

იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება 2025 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2 000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ ექნება.

იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი ასევე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე გავრცელდება.

პროექტით 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობა უზრუნველყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×