რეზონანსი
18.03.2023

2015 წლის შემდეგ საწვავში ტყვიის შემცველობა არ დაგვიფიქსირებია, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განაცხადა.

მან საწვავის კონტროლის შედეგები შეაჯამა და წლების განმავლობაში არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა.

„2015 წლიდან ვატარებთ კვლევებს და ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ გამოგვდის ეს მასშტაბური კვლევები. 2022 წლის ბოლოს ჩავატარეთ კვლევა და 100 ნიმუში ავიღეთ. აქედან 50 იყო ბენზინის, ხოლო 50 დიზელის ნიმუში. საბედნიეროდ, ბენზინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოგვივლენია, ხოლო დიზელის შემთხვევაში 29 ნიმუშში აღმოჩნდა გოგირდის შემცველობა მაღალი და მათი ნაწილი უკვე დაჯარიმდა. 2022 წელს დაწესებული ჯარიმები დაახლოებით 3.5 მლნ ლარი იყო", - ამბობს ნელი კორკოტაძე.

ინსპექტორი განმარტავს, რომ ბენზინი, რასაც ჩვენი მოქალაქეები მოიხმარენ, არის ძალიან კარგი ხარისხის.

„ჩვენ ვიკვლევთ საწვავს ფაქტობრივად ყველა პარამეტრზე, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ეს არის გოგირდი, ტყვია, ოლეფინების, სპირტების შემცველობა და ა.შ. ჩვენ სრულ კვლევას ვატარებთ, სრულ სპექტრზე. რაც შეეხება ტენდენციებს, ადრე ბევრად მეტი დარღვევა იყო. იმ მითსაც დავამსხვრევ, რომ 2015 წლის შემდეგ ტყვიის შემცველობა არ გვიფიქსირდება საწვავში, არასდროს, თუმცა სხვადასხვა ნივთიერებების გადამეტება იყოხოლმე, იგივე გოგირდი მაგალითად და ა.შ. თუმცა ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ", - ამბობს ნელი კორკოტაძე.

მისი შეფასებით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანქციები, რომელიც დარღვევებისთვის არის დაწესებული.

„ჩვენ გვქონდა შედარებით დაბალი სანქცია და გავზარდეთ იმისთვის, რომ მას ჰქონოდა პრევენციული ეფექტი. მოჭრილი ჯარიმა დარღვევაზე არის 20 000 ლარი ნებისმიერ დარღვევაზე და შემდგომში, ამას ემატება საკმაოდ დიდი თანხა, რაც რეზერვუარებში არსებული მოცულობიდან იანგარიშება. თანხა საკმაოდ მაღალია", - აღნიშნავს ნელი კორკოტაძე.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×