რეზონანსი
08.02.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 სკოლის მშენებლობაზე.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სკოლების შერჩევა რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან კონსულტაციით, შენობათა ტექნიკური და აუდიტორული შესწავლის შედეგად განხორციელდა – პირველ ეტაპზე შეირჩა ის სკოლები, რომლებიც რეაბილიტაცია/მშენებლობას ყველაზე მეტად საჭიროებდა. პროექტის მომდევნო ეტაპზე 2024-2026 წლებში დარჩენილი 400 სკოლის საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 2023 წელს ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი (2,030.8 მლნ) ლარით განისაზღვრა და 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკვე მიღწეული შედეგების გაუმჯობესებისა და მიმდინარე კომპლექსური რეფორმის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელების საშუალებას იძლევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×