რეზონანსი
07.02.2023

10 წელი კედელს შუბლით რომ ეჯახები, ნუღარ გაქვს განცდა, რომ კიდევ წამოხვალ და შუბლით შეეჯახები , - ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისსა და რეგიონში აქციების დაანონსება.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" აღნიშნა, ამ საპროტესტო აქციებიდან „არაფერი გამოვა".

„კანცელარიასთან რამდენი ხალხი იყო დღეს მისული, 100 კაცი. ხალხი არ არის ბრიყვი. 10 წელი რომ კედელს შუბლით ეჯახები, ნუღარ გაქვს განცდა, რომ კიდევ წამოხვალ და შუბლით შეეჯახები, უნდა მოიფიქრო რაღაც სხვა, ან კიბე მიადგა იმ კედელს და კიბით გადახვიდე, ან შემოუარო, ან კარი გაჭრა ამ კედელში. ერთი და იმავეს რომ სთავაზობ, რომელიც ყველას ათასჯერ აქვს ნანახი და არის გაცვეთილი, თან აპრიორი იცი, რომ იქიდან არაფერი გამოვა. კანცელარიასთან რომ შეიკრიბები, რა მოხდება? იუსტიციის სამინისტროსთან რომ შეიკრიბები, რა მოხდება? ხაშურში რომ დადგები, რა მოხდება, შეეშინდება ვინმეს? ვის აქვს დისკომფორტი? შედეგი ის არის, რომ პოლიციელები, რომლებიც შეიძლება გულში ოპოზიციურად იყვნენ განწყობილები, ამ სიცივეში მკვდარს და ცოცხალს აგინებენ აქციის ორგანიზატორებს. ღარიბაშვილს ან ვინმეს საერთოდ შეატყვეთ დისკომფორტი რომ ჰქონდეს? რატომ ჰგონიათ, ხალხი ერთი და იგივე რამეს ათასჯერ გადაყლაპავს. შეიძლება გულწრფელად არ უნდა ხაბეიშვილს რომ მოატყუოს, შეიძლება თვითონაც სჯერა, რომ რამე გამოვა, მაგრამ ამით არაფერი გამოვა", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს შედეგი არ ექნება.

„სააკაშვილმა ღირსეულად უნდა მოიხადოს სასჯელი. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მით უფრო სიცოცხლეზე უნდა იზრუნოს. მორჩა და გათავდა. ზის გვარამია ციხეში და ხმას არ იღებს. კი, „სტატუსებსაც" წერს და აკრიტიკებს კიდეც", - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხს დღეს რევოლუცია არ უნდა.

„სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. პირიქით, მისი ციხეში ყოფნა ქართულ პოლიტიკური მომავლისთვის არის ძალიან კარგი იმიტომ კი არა, რომ იქ სული ამოვხადოთ, იმისთვის, რომ ამ და სხვა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ადრე თუ გვიან, მის ჩადენილ დანაშაულზე პასუხი მოეთხოვება",- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბოიკოტი სასაცილო და სამარცხვინოა.

„4 ათასი ლარი აქვს დეპუტატს ხელფასი, ყოველ მეორე კვირას ამბობენ ბოიკოტში ვართო და ხელფასს იღებენ. პატიოსანი კაცი თუ ხარ, თქვი ძმაო, რამდენჯერაც ვიტყვი, რომ ბოიკოტში ვარ, იმდენჯერ ხელფასს არ ავიღებ. სამსახურში მოსვლა ეზარებათ. დილით მოაწყობენ პრესკონფერენციას, იტყვიან ბოიკოტის რეჟიმში ვარო და საღამოს ქეიფობენ. რას ჰგავს, რა საქციელია ეს?! დატოვონ მანდატები, ვინმე უშლით კაცო ხელს? რაც შემოვიდნენ, მას შენდეგ, ამბობენ, უნდა გავიდეთო. გადით კაცო, ეს დალოცვილი", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×