რეზონანსი
06.02.2023

როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით.

ჯანჯღავამ მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ იმასთან ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. რამდენიმე მოქალაქესთან პირდაპირ ხაზზეც ვიყავით. ახლა ათ მანდილოსანთან, რომლებიც იქ მუშაობენ და ჩარჩენილი არიან, გვქონდა სატელეფონო საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთან გვქონდეს გარკვეული კომუნიკაცია. ჭირს საუბრები, ინტერნეტი გათიშულია და ზოგ ქალაქში საერთოდ დაბლოკილია და არ მუშაობს, რადგან დაზიანებებია. ტელეფონებით, მოკითხვით და სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან გადარჩენილი ქართველების მეშვეობით ვცდილობთ მათთან დაკავშირებას.

ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან",- გაგაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩის თქმით, მოქალაქეებს ანკარაში გადაყვანა შესთავაზეს და თუ საჭირო გახდება აღნიშნულ ზომასაც მიმართავენ.

„მოქმედების არეალი არის ძალიან დიდი. არის ჩაკეტილი ზონა და იქ გადაადგილება შეუძლებელია, მაგრამ როგორც ვიცით მოქალაქეებისგან, ბევრს შევთავაზეთ, რომ გადმოგვეყვანა ანკარაში ან სხვაგან, მაგრამ ჯერჯერობით ისინი არიან დაცულ ტერიტორიებზე თურქეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ. თუ საჭირო აღმოჩნდა მათი გადმოყვანა, ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით დავიწყებთ",- დასძინა ელჩმა.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი უკვე დაიწყეს.

„თუმცა ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ ჩვენც ჩაერთონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში",- განაცხადა ელჩმა.

ჯანჯღავა მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ.

„პანიკას არ უნდა ავყვეთ. მოხდა საშინელი, საზარელი ტრაგედია. სახელმწიფო მათ გვერდით უდგას. საელჩოში არის ცხელი ხაზი ამოქმედებული, ასევე საელჩოს ტერიტორიაზე არის შექმნილი შტაბი. ჩართულია ჩვენი გენერალური საკონსულოები სტამბოლსა და ტრაპიზონში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ჩვენ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ. დახმარებაში ვგულისხმობ იმას, რომ მოგვცემ მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვინ მდებარეობს, შეძლებისდაგვარად კი მათი ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია - ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×