რეზონანსი
02.02.2023

ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო" ავრცელებს.

საუბარია ევროდეპუტატ ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელზე. მათთავის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას ბელგიის პროკურატურა ითხოვდა. ორივე ევროდეპუტატი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წევრია.

აღსანიშნავია, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარი ტარაბელა დღეს გამართულ კენჭისყრაში თავადაც მონაწილეობდა და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას თავადაც დაუჭირა მხარი.

„მე უდანაშაულო ვარ ამ საქმეში და ახლა სამართალდამცავებს შეუძლიათ ჩემი დაკითხვა", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

პოლიტიკოს ცნობით, ევროპარლამენტარი კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა კატარისგან. გავრცელებული ცნობით, სანაცვლოდ ისინი აღნიშნული ქვეყნებისთვის არასასურველ რეზოლუციებს ბლოკავდნენ და მხარს უჭერდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაროკოსა და კატარისთვის სასარგებლო იყო.

მანამდე ბელგიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ კორუფციაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა ევროდეპუტატმა პიერ პანცერიმ განაცხადა, რომ თანახმაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, პროკურატურას კორუფციაში გარეული სხვა პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში იანვარში აგორდა. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ევროპარლამენტის უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, რომელსაც კატარის უკანონო ლობირებაში სდებენ ბრალს. სკანდალის გამო ევროპარლამენტმა კატარსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი შეაჩერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×