რეზონანსი
01.02.2023

როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი პალატაში, სადაც იმყოფება სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო, ხოლო ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა.

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, კატეგორიულად მიუღებელია.

„პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, საზოგადოებისთვის არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.

ზემოთაღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები. კლინიკა „ვივამედის" დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში. თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს,რ აც საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რენაიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში,სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა, ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×