რეზონანსი
31.01.2023

მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების" ჩამოშორების საკითხზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, კოორდინაცია გვქონდეს, თუ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ვიპოვით საერთო ენას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნიკა მელია ხაზარაძის გუნდს შეუერთდეს, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება სურს, კოორდინაცია ჰქონდეთ.

„რა გეგმებზეც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი, არ მაქვს სკეპტიციზმის საფუძველი. ის საუბრობდა, რომ ძველი სახეები, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ, არ ბრუნდებიან და სურს განახლება, რასაც მივესალმები. [საერთო გეგმაზე] ოფიციალური კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა, პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევხვედრივარ და ის ამბობს, რომ ახლა არ არის ერთიანი ფრონტია დრო. მესმის, რომ არის კითხვები კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან დაკავშირებით, ამას თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მხარდამჭრებმა უნდა უპასუხოს. „სტრატეგია აღმაშენებელი" არც ერთ ფორმატში არ თანამშრომლობს ამ ადამიანებთან, ვისაც ასახელებთ. მელია - ხაზარაძეს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, რომ ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების" ჩამოშორების საკითხებზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, გვქონდეს კოორდინაცია. თუ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ვიპოვით საერთო ენას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილი ჩვეულებრივი აგენტია".

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, კობახიძის განცხადებებს ლოგიკა არ აქვს და სჯობს, იმაზე ჩამოყალიბდეს, მტერია თუ არა რუსეთი.

„კობახიძე ჯერ იმაზე ჩამოყალიბდეს, რუსეთი მტერია თუ არა. ვერ დავეწიე მის ლოგიკას, რომელიც ოპოზიციას ხან დასავლეთის და ხან რუსეთის აგენტებს ეძახის. მე თუ მკითხავთ, ის თავად არის რუსეთის ინტერების გამტარებელი ქვეყანაში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×