რეზონანსი
30.01.2023

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უდავოა და ველით, რომ ევროკავშირმა ჩვენი ძალისხმევა შესაბამისად შეაფასოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო და ერთგული პარტნიორია.

„ევროპული კომისიის მიერ წაყენებულ რეკომენდაციებს ვასრულებთ და 6-თვიანი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მათ შესასრულებლად ძალისხმევა არ დაგვიზოგავს და ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ. 12 რეკომენდაციასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგისა და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთაც წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციაში და ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან მეტად თავსებადს ხდის. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უდავოა და ველით, რომ ევროკავშირმა ჩვენი ძალისხმევა შესაბამისად შეაფასოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რაც სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს ევროპულ გზაზე სვლა განვაგრძოთ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, ისე რომ აღარ დარჩეს არასაჭირო გაურკვევლობები. საქართველომ თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო და ერთგული პარტნიორია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შვედეთის პარლამენტში ევროპის საქმეთა კომიტეტების შეხვედრები იმართება. ამ მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველო იმისთვის იყენებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ის გატარებული რეფორმები გააცნოს, რომლებიც ქვეყანამ ევრორეკომენდაციების შესრულების ფარგლებში გაატარა. შვედეთში მაკა ბოჭორიშვილი სესიებს ესწრება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს წარმატების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×