რეზონანსი
30.01.2023

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

სააგენტო განმარტავს, რომ USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

"USA2GEORGIA აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. "გადაფუთვის" სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.

გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:

რომლებსაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან ჯერ არ გაუტანიათ

რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს

რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს, თუმცა კომპანიისგან გარკვეული რაოდენობის ფასდაკლება მიიღეს

რომელთაც 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეიძინეს პროდუქცია და გადამზიდ-ექსპედიტორ კომპანიად USA2GEORGIA მიუთითეს, თუმცა მათი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში ჯერ არ დასრულებულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და რომლებთან მიმართებაშიც წონის მოცულობითი გამოთვლის პრინციპი აშშ-ს საწყობიდან გამოგზავნამდე, წინასწარ, ინდივიდუალურად არის მომხმარებელთან შეთანხმებული).

მომხმარებლებს განაცხადის შევსება 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

შეთანხმება ეხება მათაც, ვინც USA2GEORGIA-ს საიტზე თავისი პროფილი უკვე გააუქმეს.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმაად, USA2GEORGIA-მ ასევე აიღო ვალდებულება, მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს.

"კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს"- ნათქვამია განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ Usa2Georgia-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა.

2022 წლის 15 ნოემბრამდე Usa2Georgia ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×