
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 წლის ახალგაზრდა ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს.
ბეწვზე გადარჩენილი თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ვალენტინა საყვარელიძეა. შვილიშვილი კი, რომელიც ბებიის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული, ალექსანდრე საყვარელიძეა.
არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მიზეზი, რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა, დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.
"ამბებისთვის" ცნობილი გახდა, რომ შვილიშვილის მიერ დაქირავებული მკვლელი სამიზნე ობიექტს ვაკეში, "აქსისის" მიმდებარე ტერიტორიაზე უთვალთვალებდა (საცხოვრებელ ადგილას).
როგორც წყარო გვეუბნება, საუბარია დიდძალ ქონებაზე, რომელსაც ბებია შვილიშვილს მემკვიდრეობით არ უტოვებდა, მან კი ამ გზით სცადა მისი ხელში ჩაგდება. 72 წლის ქალი “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის» რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იან წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. “კურიერის” ინფორმაციით, ვალენტინა საყვარელიძემ ცოტა ხნის წინ გაასხვისა ძვირადღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge