რეზონანსი
28.01.2023

გასულ კვირაში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ისევ გააქტიურდა. ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომომიკის 10%-ით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა.

რუსი დიპლომატის მხრიდან გააქტიურებული თემის კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ბიზნესის და ექსპერტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ „რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს" და ფრენების აღდგენა „ამ ადამიანებისთვის შვება იქნება".

ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსეთში მილიონი ქართველი არ ცხოვრობს.

რეალურად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?

„პიემსი კვლევითი ცენტრი" 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - "ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი

საქართველოს ეკონომიკაზე", გაერო-ს სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ 2020 წელს რუსეთში საქართველოს 450 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. აღსანიშნია, რომ ამ რაოდენობაში საქართველოს არაქართველი მოქალაქეებიც, მათ შორის, რუსებიც შედიან. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთში 450 ათასი ქართველი ცხოვრობს.

"ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემებით, ეს იყო, დაახლოებით, 450 ათასი. ეს მონაცემი აღნიშნავს 90-იანი წლების შემდეგ 2020-ის ჩათლით, ჯამურად რუსეთში წასულ ემიგრანტებს. ამ რიცხვში ეთნიკურად ქართველებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ცხოვრობდნენ და მერე წავიდნენ რუსეთში. შესაბამისად, ამ რიცხვებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში", - აცხადებს "პიემსი კვლევითი ცენტრის" მკვლევარი სოფო ბასილიძე. რაც შეეხება ეთნიკურად ქართველების რაოდენობას, "როსსტატის" მონაცემებით, 1992 წელს რუსეთში 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, 2022 წლის მონაცემებით კი, რომელიც 2010 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობა, ოკუპანტ ქვეყანაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, რაც 1992 წლის მონაცემებზე 40 131 ადამიანით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 30-წლიან პერიოდში ემიგრანტების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა; ადამიანების ნაწილმა ოჯახები შექმნა, ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მოქალაქეობის არქონის გამო, ისინი სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. აღნიშნულ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში, დღესდღეობით, სავარაუდოდ, 157 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მათი რიცხვი მილიონი იყოს.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×