რეზონანსი
28.01.2023

მე ხმას ვაძლევ იქ, სადაც არის სიმართლე და ღირსება - ნიკა მელიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ენმ-ს პარტიის თავმჯდომარეობის შესახებ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია, ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც 28 იანვარს დაიწყო 30 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ცნობილი გახდება, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა.

ბაჩო დოლიძე იმედოვნებს,რომ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არსებულ ვითარებას სწორად შეაფასებს.

„ისეთი პარტიის თავმჯდომარე, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა" ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც შიდა ქვეყნის მასშტაბით, ასევ საგარეო მიმართულებითაც ის მთავარი ოპოზიციური პარტიის სახეს წარმოადგენს. ასე რომ, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწორ პოზიციას დაიჭერს ჩვენი ამომრჩეველი და არჩევნების შემდგომ, მეორე დღესვე, იმ მთავარ საკითხებზე გადართვა შეგვეძლება, რომელიც წესით უნდა ჰქონდეს პარტიას", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მან ასევე შეაფასა პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა მოლოდინი, რომ ამ არჩევნებში სწორედ ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს.

„ალბათ გახსოვთ თეა გვასალია გადაცემა „ამბობენ". დაახლოებით, ამას ემსგავსება. ასეთი წინასწარი საუბარი ცოტა არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია - ვინ, როგორ დარეგისტრირდა, ვისი მომხრე ხმას ვის აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ფარულია და თვითდინებაც საკმაოდ მაღალია პროგნოზების გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დოლიძემ მეორე ტურის ჩატარება არ გამორიცხა და აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ხმების 50% ვერ მოაგროვა ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ტური დაინიშნება.

„შესაბამისად, ამ ყველაფრის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება, მაგრამ დაველოდოთ. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს", -აღნიშნა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×