რეზონანსი
28.01.2023

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს სოციალურად დაუცველთა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით", 30 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. 8 811 სოციალურად დაუცველი კი, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. პირობების თანახმად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.

ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაშიც სოციალურად დაუცველ პირს 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება უნარჩუნდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. უწყების ინფორმაციითვე, საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, 2022 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლიდან კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა - 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×