რეზონანსი
26.01.2023

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ" მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც ბრეგაძემ განაცხადა, სპეციალურმა პენიტენიციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა.

ბრეგაძის თქმით, დასკვნა სასამართლოს წარედგინება.

„როგორც მოგეხსენებათ, სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციების საგანი და ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული.

კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის" დასკვნაზე.

კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, ან გადავადება მოითხოვეს, რასთან დაკავშირებითაც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერეს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის" დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა მივიღეთ, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: ეს არის ფსიქიატრიული, გასტოენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ვგულისხმობ, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტოენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდეგ მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×