
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" და "გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა" პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას თითქმის შეუფერხებელი ურთიერთქმედება აქვს ალიანსის ძალებთან", - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოსთან საერთო ფასეულობებს იზიარებენ - დემოკრატიისადმი ურყევ ერთგულებას, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას.
"ვთვლი, რომ ნატო ფინეთსა და შვედეთს მალე მიიღებს. მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ ორივე ქვეყანამ კონკრეტული ზომები მიიღო აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ჩვენი მოკავშირე თურქეთის უსაფრთხოების წუხილების მხრივ", - დასძინა ბლინკენმა.