რეზონანსი
06.12.2022

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შემოსახლების დღიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის მოპოვებული იყოს თავისუფლება ნებისმიერი შესაძლო გზით, - ამის შესახებ „ქრონიკასთან" ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ყველამ კარგად იხილა, რომ როდესაც სააკაშვილი შიმშილობდა, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღესაც ცდილობს მისი ნებისმიერი ხერხით გათავისუფლებას, იმთავითვე ყველაფერს აკეთებდნენ ამისთვის და პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი. შეგვიძლია ვკითხოთ საზოგადოებას, არის თუ არა ამ ტიპის მოწოდებაში რაიმე მორალური? სავარაუდოდ, პასუხი იქნება - რა თქმა უნდა, არა. ყველანი ვხედავთ ერთ ძირითად ტენდენციას - შემოსახლების დღიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის მოპოვებული იყოს თავისუფლება ნებისმიერი შესაძლო გზით. შემდგომში ის გადაიყვანეს N18 დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში და დაბრუნდა N12 დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც იტარებდა შერჩევით. რას ნიშნავს ეს: რომელიღაც მედიკამენტს იღებდა, რომელიღაცას - არა. იმისთვის, რომ გამორიცხულიყო ნებისმიერი სახის რისკი, ჩვენ მაშინ შევთავაზეთ სააკაშვილს, რომ გადასულიყო კლინიკა „ვივამედში", თუმცა საპასუხოდ მივიღეთ გარკვეული პირობების წამოყენება. მე მიჩნდება კითხვა: თუკი საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე და ის დაინტერესებულია გამოჯანმრთელებაში, კლინიკაში გადაყვანის შეთავაზებაზე როგორ შეიძლებოდა დამატებითი პირობების წამოყენება, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამედიცინო მომსახურებასთან. მაშინ, როგორც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, ასევე მათი ტელევიზიები აპელირებდნენ იმაზე, რომ სააკაშვილი თითქოს ვერ იღებდა საკვებს და ვერ გადაადგილდებოდა საკუთარი ფეხით, თუმცა თავისივე ტელეკამერით მაყურებელს აჩვენეს, როგორ შედიოდა სააკაშვილი საკუთარი ფეხით კლინიკა „ვივამედში". აქ ცალსახად ჩანს მიკერძოებული დამოკიდებულება. „ვივამედში" სააკაშვილს მუდმივ ზედამხედველობას უწევს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. მიუხედავად ამისა, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, ეს რადიკალური ძალა მომართული იყო იმაზე, რომ როგორმე ამ ხალხის პატიოსანი სახელი შეებღალა. იყო მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ემსახურებოდა ერთ მიზანს - შეექმნათ განწყობა, თითქოსდა მისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდებოდა. ექიმებს აყენებდნენ დიდ შეურაცხყოფას, თითქოს ისინი პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×