საფასო პოლიტიკა ხშირად არ განსაზღვრავს მედიკამენტის წარმოშობას, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.
„ანუ, იმის თქმა, რომ რახან ეს მედიკამენტი უფრო ძვირია, ამიტომ უკეთესია, არ შეიძლება. ასეთი დეფინიცია ფარმაცევტულ სფეროში ვერ იარსებებს", - აღნიშნა მან.
„ქრონიკას" აფთიაქებთან ჩაწერილი მოქალაქეები უდასტურებენ, რომ თურქულ მედიკამენტებს, როგორც უხარისხოს ისე სთავაზობენ. პრემიერმა ამ ინფორმაციის შესწავლა ჯანდაცვის მინისტრს გუშინ დაავალა. მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.
თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლების შემოტანის შესახებ განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის იანვარში მოაწერა ხელი. ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.