რეზონანსი
28.11.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 30 ნოემბერს წარედგინება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასში დაზუსტებული იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნაცვლად 8,5%-ისა, ითვალისწინებს 10%-იან ზრდას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალური გასაცემლების ნაწილში ბიუჯეტს დაემატება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა, რაც 2023 წლის პირველი ივლისიდან 50-ის ნაცვლად 200 ლარს შეადგენს და აღნიშნული ხარჯი, ჯამში 65 მილიონ ლარს შეადგენს.

„მინდა საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით. ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით, 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 7500 დოლარს მიაღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში.

აქვე მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო. სოციალური მიმართულებით ჩვენ მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იქნებოდა პენსიები, შშმ პირთა დახმარება და სხვა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდას, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს - ეს არის დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზეა პროექტი გათვლილი და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×