სახალხო დამცველის პოსტზე იაგო ხვიჩიას ალტერნატივა არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციების გზით კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.
„კონსულტაციებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ დავარწმუნოთ, ამაზე უკეთესი კონსენსუსი ვერ იქნება. თუ გვინდა, რომ სახალხო დამცველი სახალხო დამცველი იყოს და არა რაღაც მორიგი დაპირისპირების ერთ-ერთი აქტორი, მაშინ ვფიქრობ, იაგო ხვიჩიას ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ომბუდსმენის შერჩევის პროცესი არ უნდა ჩავარდეს. ასეთია მხარეთა პოზიცია. ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ბოიკოტი აირჩია სტრატეგია „აღმაშენებელია". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველი იყოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი. პარლამენტმა სახალხო დამცველი 90 ხმით უნდა აირჩიოს.