რეზონანსი
06.10.2022

ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შესხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ჩვენი ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. დღეს 44 ევროპელი ლიდერი ერთმანეთს მოუსმენენ, რათა იპოვონ გზა, როგორ აშენდეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ეს რუსეთის გარეშე იქნება გაკეთებული. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინის მიერ იქნა გაგდებული", - აღნიშნა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა 44 სახელმწიფოს მიერ იქნება ფორმირებული, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი მათგანი ევროკავშირის წევრია, ზოგი - არა, ზოგი ჯერ არა, მაგრამ მომავალში იქნებიან.

"ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ ახალი კავშირები ევროპელებისთვის. ევროპამ უნდა გადაჭრას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიერ შექმნილი კრიზისი. ევროპამ უსაფრთხოების ახალი წესრიგი უნდა ააშენოს, უპასუხოს ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისს. ეს ფორუმი, ეს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა საუკეთესო გზაა ყველა ევროპელისთვის, როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას", - დასძინა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×