რეზონანსი
06.10.2022

შეგვიძლია დავაწყნაროთ ჩვენი ოპონენტები, სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. ჩასაფრებულები არიან პორტებში, აეროპორტებში, იღებენ ხოლმე ფუჭად სურათებს და აქვეყნებენ, მაგრამ ყველა ფაქტი, როგორც ყოველთვის, არის ცრუ და ტყუილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სანქციების გვერდის ავლა „მორიგი გაცვეთილი საუბრის თემაა ოპონენტების მხრიდან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი გააჩნიათ, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში".

„მათ ბევრი რამ სცადეს და რაღაცები გამოუვიდათ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროგრესის გზაზე, უფრო მეტი რაღაცები არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

სანქციების კონტროლს რაც შეეხება, საქართველოს ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა სანქციების აღსრულების თვალსაზრისით და ეს არაერთი საერთაშორისო შეფასებით დადასტურდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს აღსრულების სისტემა არის საკმაოდ ღია, საბაჟო სამსახურები ღიაა და ამაზე ფინანსთა მინისტრიც საუბრობდა. ჩვენ ყველა პარტნიორი ქვეყნის ელჩს გავუღეთ კარი და ვაჩვენეთ როგორ მუშაობს საბაჟო სისტემა, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. ჩვენ გაზიარებული გვაქვს ინფორმაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ გადაწყვეტილებებში მარტოები არ ვართ.

ასე რომ, შეგვიძლია დავაწყნაროთ ჩვენი ოპონენტები, არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჩასაფრებულები არიან პორტებში, აეროპორტებში, იღებენ ხოლმე ფუჭად სურათებს და აქვეყნებენ, მაგრამ ყველა ფაქტი, როგორც ყოველთვის, არის ცრუ და ტყუილი. ტყუილად ირჯებიან. საზღვაო ადმინისტრაცია წინასწარ იღებს დოკუმენტებს, ხდება ამ დოკუმენტების გადამოწმება შესაბამის არხებში და შემდგომში ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, საქართველო აბსოლუტურად მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანად ახორციელებს საერთაშორისო ვალდებულებებს", - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×