
უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა პუტინის ომი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები გააღვიძა - კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი.
"ჩვენ გვეგონა, რომ ყველა ეს დემონი ბნელ წარსულში დარჩა, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდის იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, "რუსული სამყაროს" იდეოლოგია ძალიან ცოცხალია რუსეთში", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
მორავეცკის თქმით, დასავლეთში ბევრს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, როგორც პუტინის ომის დანახვა სურს, თუმცა ეს "მთელი რუსეთის ომია". მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა შეიცვალოს, რათა მომავალში მეზობლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.