რეზონანსი
02.10.2022

რას ნიშნავს „ტალანტის სათანადოდ მოხმარება"? - ეს ნიშნავს, რომ ამ შენი ტალანტით ემსახურო ადამიანებს, მარტო შენთვის კი არ გამოიყენო, არამედ ემსახურო ადამიანებს და ემსახურო ღმერთს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს ეს ტალანტები მრავლდება, იზრდება და ადამიანები ღვთის მიერ დადგენილი დანიშნულებას ასრულებენ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ყველა ადამიანს ღმერთი ამ ცხოვრებაში აძლევს თავის ცხოვრებისეულ გზას და ამოცანას, დანიშნულებას. ეს გზა გახლავთ ის, რომ ადამიანმა შეასრულოს ღვთის ნება და ის, რაც დაუდგინა, რაც განუსაზღვრა, რაც არის მასზე ლოცვა-კურთხევა ღვთისგან; მაგრამ საჭიროა, რომ ადამიანმა ამოიცნოს, გაიგოს, თუ რა არის კონკრეტულად მისი ლოცვა-კურთხევა, მისი მოწოდება, მისი გზა, უფლისგან დადგენილი. იმისთვის, რომ მან ამ გზაზე იაროს და შეასრულოს ეს ლოცვა-კურთხევა, უფალი ყველას, ყოველ ჩვენგანს აძლევს შესაბამის ნიჭებს, უნარებს და შესაძლებლობებს. აი, სწორედ ამაზეა დღეს ჩვენს ტაძრებში წაკითხული იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ერთი კაცი გამგზავრებამდე თავის ქონებას უტოვებს თავის მსახურებს. ერთს მისცა ხუთი ტალანტი, მეორეს მისცა ორი ტალანტი, მესამეს მისცა ერთი, მაგრამ ყველას მისცა ტალანტები. თქვენ მოგეხსენებათ, ტალანტი ფულის ერთეულია, მაგრამ აქ ფულში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ყველაფრის ის ნიჭები და მადლი, რასაც უფალი ადამიანს უბოძებს. შემდეგ, როდესაც ეს კაცი ბრუნდება, იბარებს ამ მონებს, რათა ანგარიში მოჰკითხოს მათ. ხუთი ტალანტის მიმღები ეტყვის, რომ „აი, უფალო, ვიმუშავე, კიდევ ხუთი დავამატე და შენ გაძლევ ათ ტალანტს". უფალი ეტყვის, რომ „კეთილო და ერთგულო მონაო, მცირეზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგადგინებ, შედი შენი ბატონის სიხარულში". ორი ტალანტის მქონეც ეტყვის, რომ „აი, ბატონო, ვიმუშავე და გავამრავლე შენი ტალანტი, კიდევ ორი დავუმატე და მოგართვი". მასაც იმავეს ეტყვის უფალი. ბოლოს მოდის ერთი ტალანტის მქონე და ეტყვის, რომ „მე ვიცოდი, რომ შენ მრისხანე და სასტიკი კაცი ხარ, ამიტომ ავდექი და მიწაში დავფალი შენი მოცემული ტალანტი. აჰა, გიბრუნებ, შენვე შენივე გქონდესო".

თქვენ გახსოვთ, შემდეგ რა ბედი ეწია ამ ბოროტ და ზარმაც მონას, ხომ? რას იტყვის უფალი, რომ „წაართვით მას ის ერთი ტალანტ და მიეცით მას, რომელსაც აქვს ათი, ეს კი ჩააგდეთ ბნელსა მას შინა გარესკნელსა".

ეს იგავი, ძვირფასო ძმებო და დებო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, ვინაიდან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ვემსგავსებით აი, ამ ზარმაც და ბოროტ მონას. ვინაიდან განა შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ სათანადოდ ვეპყრობით უფლის მიერ მოცემულ ტალანტებს, სათანადოდ ვაფასებთ ამ ტალანტებს?! აი, მაგალითად, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, ღვთისაა, ამაზე საუბრობს ეს სახარება. მაგალითად, ჯანმრთელობა ან დღეგრძელობა როცა გვეძლევა, ჩვენ ამას სათანადოდ ვაფასებთ, სათანადოდ ვეპყრობით?! რას ნიშნავს „ტალანტის სათანადოდ მოხმარება"? - ეს ნიშნავს, რომ ამ შენი ტალანტით ემსახურო ადამიანებს, მარტო შენთვის კი არ გამოიყენო, არამედ ემსახურო ადამიანებს და ემსახურო ღმერთს. აი, მაშინ ეს ტალანტები მრავლდება, იზრდება, მაშინ ჩვენ ვასრულებთ ღვთის მიერ დადგენილ დანიშნულებას, ჩვენც ვხარობთ და შევდივართ ჩვენი უფლის სიხარულში.

და აი, როგორც მოგახსენეთ, მაგალითად, ჯანმრთელობა ან დღეგრძელობა, ან, მაგალითად, დრო; ვაფასებთ ჩვენ დროის მნიშვნელობას? ესეც ხომ ნიჭია, რომელიც მოცემული გვაქვს ამ ცხოვრებაში. რა არის დრო? - ერთი წამია, რომელმაც ახლა გაიელვა და აღარ არის, ახალი წუთი, ახალი წამი მოვიდა. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს დრო? - ეს ნიშნავს, რომ ამ ყოველ ახალ წუთში, ახალ ჟამში, რომელიც შემოდის, ჩვენც უნდა განვახლდეთ. ეს არის მოწოდება, ეს ნიშნავს დროის სწორად გამოყენებას, რომ ჩვენ განვახლდეთ, მივუახლოვდეთ ღმერთს, მოვიხვეჭოთ მეტი სიყვარული ღვთისადმი, მოყვასისადმი. აი, ეს არის დროის სწორად გამოყენება.

კიდევ უამრავ რამეზე შეიძლება დღეს ვისაუბროთ. მაგალითად, ჩვენს სარწმუნოებაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, რომელიც ასევე უნდა გავაღრმაოთ, გავამრავლოთ, განა ჩვენ ამას ასე ვაკეთებთ?!

მოკლედ, თუ გვინდა, რომ ჩვენ, როგორც წერია დღევანდელ სახარებაში, შევიდეთ ჩვენი ბატონის სიხარულში და სხვაგვარად რომ ვთქვათ, სული ვიცხონოთ და გადავირჩინოთ, საჭიროა, ძალიან სათუთად და სათანადოდ მოვეპყროთ ჩვენს ამ მოცემულ ნიჭებს.

ან მაგალითად, გონება, ჩვენი გონითი შესაძლებლობები, ეს საოცარი ნიჭი ღვთისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, განა სათანადოდ, ჯეროვნად ვიყენებთ მას?! განა ჩვენი გონება შესაბამისად მოქმედებს და მუშაობს?! განა ქმნის ჩვენი გონება იმ დიდ ღირებულებებს, თუ გნებავთ, კულტურულ ღირებულებებს, რასაც უნდა ქმნიდეს ადამიანის გონება?! განა ხშირად პირიქით არ იქმნება ანტიკულტურული, კულტურის საწინააღმდეგო ფასეულობები, რომლებიც ანგრევენ და შლიან ნამდვილ კულტურას, ნამდვილ ღირებულებებს?!

ასევე, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ გვაქვს მოცემული გრძნობები, ჩვენი გრძნობითი საწყისი, თუ გნებავთ, სურვიელი საწყისი. განა სწორად ვეპყრობით ჩვენ მას?! განა ხშირად არ ხდება, რომ აი, ეს ჩვენი საწყისი რაღაც ხორციელი სიამტკბილობის მსახურებაში უფრო დგება ხოლმე?! და არა მარტო ამაში, არამედ საიდან არის ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი მრისხანება, ჩვენი თავმომწონეობა და სხვა ვნებები?! - სწორედ აქედან.

აი, ამაზე მეტყველებს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი სახარება. ამიტომ კარგად დავიმახსოვროთ, ხშირად გაგვახსენდეს ეს იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ გავამრავლოთ უფლის მიერ ნაბოძები ტალანტები, რათა როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა ანგარიშის მოსაკითხად, ჩვენც გავიგოთ მისი მოწყალე ხმა: „კეთილო და ერთგულო მონაო, მცირეზე ერთგული იყავი და მრავალზე დაგადგინებ, შედი შენი ბატონის სიხარულში", რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ქისტაური და მხატვარი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ. ჩვენთან არს ღმერთი!",-აღნიშნა მეუფე შიომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×