რეზონანსი
02.10.2022

თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას, - თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგიერთები ცდილობდნენ წარმოეჩინათ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები, როგორც ღერძიდან გადახრა. თუმცა, თურქეთი არ ცდილობს ღერძის ცვლილებას, ის აძლიერებს საკუთარ ღერძს იმით, რომ ერთდროულად აქვს სხვადასხვა დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოში ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სამი კონტინენტის გზაჯვარედინზე მდებარე თურქეთი გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშაა.

„თურქეთს არ აქვს ფუფუნება ჩაიკეტოს, მოახდინოს იზოლირება გარე სამყაროსგან და ღობესთან დგომით უყუროს თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ანკარას პოლიტიკას კონსტრუქციული და აქტიური უწოდა გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინიციატივით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ ესწრაფვის ესკალაციას სხვა ქვეყნებთან და არც ზეწოლას დანებდება, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირჩევს მშვიდობას, დიალოგს და ისწრაფვის იყოს სამართლიანი.

„ორივე ქვეყანასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენ ვამჯობინეთ ომის დასრულება, ნაცვლად ცეცხლის გაღვივებისა და ამბოხებისკენ წაქეზებისა", - განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით და არ გამორიცხა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

​„ჩვენს მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი ნება, რომ სომხეთთან ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. სომხეთმა კარგად უნდა გამოიყენოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მშვიდობის შესაძლებლობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთისა და ფინეთის მცდელობაზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გულმოდგინედ აკვირდება შვედეთისა და ფინეთის ძალისხმევას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი ასამბლეა მიიღებს ჩვენი ერის სახელით. ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ და მტკიცე სტრუქტურას", - აღნიშნა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×