რეზონანსი
30.09.2022

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.

ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს „ვიზიტი „აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×